გმო-საკვები საქართველოში
საქართველოში გმო პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები ქვეყნაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ,რომ გმო პროდუქციის გასაკონტროლებლად სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში კი მისი მარკირება მოხდება. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც მთლიანად გამოცხადდნენ გმო-სგან თავისუფალ ზონად. მათ შორის არის საბერძნეთი, რომელმაც 2004 წელს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ბაზარზე 12% მაინც გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შეადგენს, განსაკუთრებით კი სოიოსა და ხორბლის სახით.
საქართველოში ხშირად ეტიკეტზე არ არის საკმარისი ინფორმაცია,რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელმა არ იცის პროდუქტის ინგრედიენტების შემცველობის შესახებაც. მაგალითად, შაქარი და მარილი ბავშვთა კვებაში გამოიყენება დოზირებით, რომელიც აუცილებლად ნორმირებულია. წესით, შესაბამისი ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშნული. ევროკავშირის ქვეყნებში ბავშვთა კვების დღის რაციონში მარილისა და შაქრის გამოყენების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია. საქართველოში ასე არ ხდება. ერთიც და მეორეც თითქოსდა უვნებელი ინგრედიენტია, მაგრამ სერიოზულად შეიძლება დააზიანოს ბავშვის ჯანმრთელობა და გახდეს ფარისებრთა ჯირკვლის დაავადების გამომწვევი მიზეზი. ხშირად ისმის მომხმარებელთა საჩივარი, რომ პროდუქტს ამა თუ იმ ნივთიერების შემცველობა სრულად არ აწერია, არ აქვთ ინფორმაცია, რა შეიძლება იყოს ბავშვისთვის ალერგიის გამომწვევი. ამაზე არაფერია აღნიშნული ეტიკეტზე, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი და ყველა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია ამომწურავად დაფიქსირდეს.საქართველოში არ არსებობს ცალსახა კვლევა, რომელიც ბავშვთა კვებაში გენმოდიფიცირებული პროდუქტის არსებობას დააფიქსირებს.
ცივილიზებულ ქვეყნებში, შესაძლოა, გენმოდიფიცირებული პროდუქცია დაშვებული იყოს (შესაბამისი ეტიკეტირებით), თუმცა ბავშვთა კვებაში ასეთი კომპონენტების გამოყენება იქ კანონით აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, საქართველოში ბავშვთა საკვებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემცველობის მხრივ არავითარი განსაკუთრებული სტანდარტი ან შეზღუდვები არ არსებობს და მასზე იგივე კანონები ვრცელდება, რაც ჩვეულებრივ პროდუქტზე. საქართველოს უნდა ჰქონდეს ბიოუსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც იმ პროდუქციის ჩამონათვალს შეიცავს, რომელზეც შეზღუდვები იმოქმედებს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ბავშვთა პროდუქციის შემადგენლობა მკაცრადაა განსაზღვრული და მასში გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენება აკრძალულია. ჩვენთან ამ მხრივ ბაზარი სრულიად დაუცველია.
No comments:
Post a Comment